ვინ არის NFT არტისტი ბიპლი და როგორ გახდა ის ცნობილი?

წარმოიდგინე, რომ ერთ დღესაც იღვიძებ და ხედავ – ინტერნეტში განთავსებული შენი ციფრული ნახატი 69 მილიონ დოლარად გაიყიდა. წარმოუდგენლად ჟღერს არა? აი NFT არტისტმა ბიპლმა კი ეს ყველაფერი თავად გამოსცადა. კი, სიგიჟეა, მაგრამ ეს მართლაც მოხდა, და ალბათ ძალიან გაინტერესებს რა ისტორია დგას ამ ფაქტის უკან. მაშ ასე…

ბიპლი – Beeple არის ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი და ამჟამად უკვე მსოფლიოში ცნობილი ციფრული არტისტი. დღესდღეობით, საკმაოდ ბევრი თვლის, რომ მან ესთეტიკურად შთამბეჭდავი NFT-ებით ნამდვილად დაამტკიცა ციფრული ხელოვნების ფასეულობა. სწორედ ამიტომ, ის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად NFT სივრცეში. უფრო მეტიც, მისი ნამუშევარი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლია შთააგონო სხვები და გააღვივო მათში არსებული კრეატიულობის ნაპერწკალი, რათა ხელოვნების მიმართულებით ციფრულ სამყაროშიც შექმნან რაღაც ახალი და დიდებული.

და მაინც, ვინ არის ბიპლი?

ბიპლის რეალური სახელი მაიკ ვინკელმანია. სანამ ის NFT სივრცეში მოიპოვებდა პოპულარობას, მუშაობდა ისეთი ცნობილი ადამიანების სცენოგრაფიაზე, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ნიკი მინაჟი, ემინემი, ქეითი ფერი და სხვა. დღეს კი NFT სივრცეში მოულოდნელი და ექსპერიმენტული გზის გავლის შემდეგ, ბიპლს ჰყავს 2 მილიონზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე.

Mike Winkelmann

რაც შეეხება კონკრეტულად ანიმაციური ნამუშევრების ვიზუალს, მისი იდეა ძირითადად ეხმიანება პოპ-კულტურას, რომლის მეშვეობითაც, ბიპლი სატირით გადმოსცემს მიმდინარე მსოფლიო მოვლენებს და ქმნის თანამედროვე პოლიტიკისა და კულტურის ინტერპრეტაციებს. 

NFT  project

რამ გახადა ბიპლი ცნობილი?

ბიპლმა NFT-ების გაყიდვა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. მისმა ნამუშევრებმა გააკვირვა ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სამყარო, ციფრული ხელოვნების გაყიდვებმა ათიათასობით დოლარს მიაღწია. მისი ერთ-ერთ პირველი ნამუშევარი სახელად – Crossroad, ეხმიანებოდა 2020 წლის ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც პირველ ჯერზე გაიყიდა 66,666.66 აშშ დოლარად, ხოლო შემდეგ გაიყიდა 6.7 მილიონად.

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ბიპლის ცხოვრებაში დადგა მაშინ, როდესაც აუქციონის სახლმა Christie’s მისი NFT გაიტანა აუქციონზე. Christie’s კი თავისთავად გახდა პირველი აუქციონის სახლი, რომელმაც გაყიდა ციფრული აქტივი და ამასთან ერთად პირველად მიიღო ეთერი გადახდის საშუალებად.

ამ ნამუშევარს ერქვა Everydays – The First 5000 Days და გაიყიდა 69 მილიონ აშშ დოლარად. ერთი შეხედვით, ის ფერადი პიქსელების ერთობლიობას ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ, რომ სინამდვილეში იგი მოიცავს 5000 ინდივიდუალურ სურათს, რომლებსაც ბიპლი 2007 წლის 1 მაისიდან მოყოლებული, ყოველდღე ქმნიდა 13 წლის განმავლობაში. ნახატების თემატიკა კი ძირითადად ეხმიანებოდა ფანტასტიკურ, სატირულ თუ აბსტრაქტულ თემებს. 

Everyday- the firs 5000 Days

თუმცა კითხვაზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ბიპლის ასეთი პოპულარობა, მაინც შეიძლება მრავალგვარი იყოს. მაგალითად იგი შეიძლება განპირობებული იყოს მისი NFT სივრცეში შესვლის დროით, როცა ამ ინდუსტრიაში დაიწყო იმპულსის მატება და საბოლოოდ სიგიჟის ტალღამ ბუმს მიაღწია. ამას გარდა, კიდევ ერთი ფუნდამენტური მიზეზი შეიძლება იყოს მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები მსოფლიოში, როგორიცაა COVID-19 ეპიდემია. შედეგად, ადამიანებმა დაიწყეს მეტი დროის დახარჯვა ციფრულ მოწყობილობებზე, სახლიდან მუშაობა და ახალი ციფრული აპლიკაციების ათვისება..

როგორ შეცვალა ბიპლმა ხალხის აღქმა NFT-ების შესახებ:

ბიპლის ნამუშევრებმა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და ამით ხალხში გააღვივა ინტერესი ციფრული ხელოვნებისა და სხვადასხვა NFT პროექტების მიმართ. ამასთანავე, Christie’s-ს მიერ ციფრული ხელოვნების ნიმუშის გაყიდვამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება NFT-ები გახდეს ელიტური კულტურის ნაწილი და რაოდენ ფართო  გასაქანი აქვს ხელოვნებასა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კომბინაციას. ამ ყოველივეთი კი ფართო აუდიტორიას დაუმტკიცა, რომ სრულიად შესაძლებელია ხელოვნება იყოს ციფრული და ამისთვის არ არის აუცილებელი ფიზიკური თვისებების ქონა. 

პანდემიის პერიოდში ბევრმა არტისტმა დაიწყო NFT სივრცეში შემოსვლა, რადგან მათ საშუალება მიეცათ უმცირეს დროში ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით მთელი სამყაროსთვის გაეცნოთ საკუთარი შემოქმედება. გარდა ამისა, ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან სნუპ დოგი, პარიზ ჰილტონი, ედვარდ სნოუდენი და ემინემი, შეუერთდნენ NFT სივრცეს და ამით კიდევ უფრო გაზარდეს საზოგადოების ინტერესი აღნიშნული სფეროსადმი.

ბიპლი NFT არტისტი

რა იქნება შემდეგი?

როგორც უკვე ვნახეთ, ბიპლი მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი ციფრული ნამუშევრების წყალობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ NFT-ებს ციფრულ სამყაროში უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თამაშები, მუსიკა, ფინანსები… მაგალითად, გეიმინგში NFT-ები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთრებაში ჰქონდეთ თამაშში არსებული უნიკალური, ავთენტური ნივთები, როგორიცაა იარაღი და მიწის ნაკვეთები. გარდა ამისა, ეგრედ წოდებული play-to-earn NFT თამაშები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ თანხა თამაშის მეშვეობით.

ასევე, შესაძლებელია აუდიოს მიმაგრება NFT-ზე საკოლექციო მუსიკის შესაქმნელად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მუსიკოსების მხოლოდ უმცირესობას შეუძლია საკუთარი ალბომების რეალიზებიდან საკმარისი საარსებო წყაროს გამომუშავება, თუმცა ციფრულ ნამუშევრებს აქვთ პოტენციალი, გახადონ მუსიკალური ინდუსტრიის ბიზნეს მოდელი უფრო სამართლიანი. NFT-ებს შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სტრიმინგის პლატფორმებით ან ბლოკჩეინის ჰონორარის სისტემის მეშვეობით. ამრიგად, როიალთის სისტემის მიხედვით ორიგინალი NFT-ის შემქმნელს ყოველი გადაყიდვიდან განსაზღვრული პროცენტის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

NFT

რაც შეეხება NFT-ის სხვა გამოყენებას, მან შესაძლოა შეასრულოს კონცერტების ან ღონისძიებებისა და ბილეთების როლი.  მაგალითისთვის თუკი თქვენ ფლობთ Veefriends-ის ციფრულ ნამუშევარს,  შეგიძლიათ დაესწროთ ერთ-ერთი ცნობილი ენტერპრენერის Gary Vee-ს კონფერენციებს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. 

ამრიგად, NFT ეკოსისტემა საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან გზებს გთავაზობთ საკუთარი ინდივიდუალიზმისა და კრეატივის გადმოსაცემად. ამიტომ, თუკი ოდესმე გიფიქრიათ შეგექმნათ ხელოვნების ნიმუში, ნახატი, მუსიკა, ვიდეო, ვიდეოთამაში… ციფრული სამყარო მზად არის იგი უამრავ ადამიანს წარუდგინოს, და ვინ იცის, იქნებ ბიპლის მსგავსად, თქვენც მოიპოვოთ აღიარება მთელს მსოფლიოში.

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter