ეთერიუმი – დეცენტრალიზებული ინტერნეტის ფუნდამენტი
რა არის ეთერიუმი, რა სპეციფიკებით ხასიათდება ის და როგორ შეცვალა ამ ეკოსისტემამ Web 3.0 ინდუსტრია?
სანამ Ethereum_ზე გადავიდოდეთ, მოკლედ გავიხსენოთ ბიტკოინი. ბიტკოინი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, სადაც ტრანზაქციები ხდება P2P მეთოდით და მისი მიმოცვლისას მესამე პირის (ბანკის) ჩართულობა საჭირო არ არის.
ბიტკოინი შეიქმნა 2008 წლის ამერიკის კრიზისის შემდეგ. მისი მიზანი იყო ბუფერები, ანუ არასაჭირო პირები ჩამოშორებოდნენ პროცესს. ეს კი მხოლოდ დეცენტრალიზებულ სისტემაზე გადაწყობით მოხდებოდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი ამერიკის კრიზისის მოგვარებასთან ერთად იყო ჩვენს ტრანზაქციებზე, კონტრაქტებზე და პირად მასალაზე წვდომა შეზღუდვოდათ მესამე პირებს. ადამიანებს აღარ უნდოდათ, რომ მათი ინფორმაცია გარეშე სუბიექტების ან ორგანიზაციების ხელში ყოფილიყო.
ბიტკოინის ბლოკჩეინ სისტემა ისეთ მწირ ბრძანებებს იღებს, როგორებიცაა: ვინ ვის გადაურიცხა კრიპტო, რა რაოდენობის და როდის. ამ სისტემის გამართვის შემდეგ გაჩნდა კითხვა: რატომ უნდა გამოვიყენოთ დეცენტრალიზებული სისტემა მხოლოდ ბიტკოინსა და ფინანსებში? რატომ არ შეიძლება ყველაფერი დეცენტრალიზებული გახდეს? სწორედ ამ იდეის ნაყოფია Ethereum, ბიტკოინის მსგავსი ტიპის ბლოკჩეინი, თუმცაღა ბევრად კომპლექსური ხასიათის მატარებელი.
Ethereum შეიქმნა 2013 წელს, 2014 წელს კი ვიტალიკ ბუტერინმა მისცა პრაქტიკული გამოყენება. Ethereum არის დეცენტრალიზებული გამოთვლითი პლატფორმა. ის ერთ მოწყობილობაზე მუშაობის ნაცვლად, ერთდროულად ათასობით მანქანაზე მუშაობს მთელს მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას “მეთაური” არ ჰყავს. Ethereum ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, ციფრული ფულის გადარიცხვის საშუალებას გაძლევთ. თუმცა, მას ბევრად მეტის საშუალება აქვს. თქვენ შეგიძლიათ ქსელში განათავსოთ საკუთარი კოდი და სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ აპლიკაციებთანაც შეხვიდეთ ურთიერთობაში. იმის გამო, რომ Ethereum ძალიან მოქნილია მასზე ყველა სახის დახვეწილი პროგრამის გაშვება შესაძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ეთერიუმის მთავარი იდეა არის ის, რომ დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან და გაუშვან კოდი, რომელიც ნაწილდება ქსელში ცენტრალიზებულ სერვერზე არსებობის ნაცვლად. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად, ამ აპლიკაციების დახურვა ან ცენზურაში გატარება შეუძლებელია.
ბიტკოინს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც პირველი თაობის ბლოკჩეინს. ის არ შექმნილა, როგორც ზედმეტად რთული სისტემა და სწორედ ესაა მისი სიძლიერე, როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ის განზრახ მოუქნელია, რათა პრიორიტეტული იყოს უსაფრთხოება. მართლაც, ჭკვიანი კონტრაქტების ენა ბიტკოინში უკიდურესად შეზღუდულია განსხვავებით ეთერიუმისგან, რომელიც მეორე თაობის ბლოკჩეინია. აქ პირიქითაა, ფინანსური ტრანზაქციების გარდა, ეთერიუმი იძლევა უფრო დიდ საშუალებას პროგრამირებადობის კუთხით. ეთერიუმი აძლევს დეველოპერებს მეტ თავისუფლებას, ატარონ ექსპერიმენტები საკუთარი კოდით და შექმნან ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApps). თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით…
ბიტკოინის მიზანი უკვე ვახსენეთ, თუმცა რა არის ეთერიუმის მიზანი? პასუხი სწორხაზოვანია – ინტერნეტის დეცენტრალიზება. შეიძლება ფიქრობდით, რომ ინტერნეტი ისედაც დეცენტრალიზებულია. თეორიულად ასეცაა, თუმცა რეალურად ამაზონი, გუგლი, მეტა, ნეთფლიქსი და სხვა გიგანტები აკონტროლებენ მსოფლიო ინტერნეტ ქსელს. თითქმის არ არსებობს ინტერნეტ აქტივობა, სადაც მესამე მხარე არ არის ჩართული. შესაბამისად დღევანდელ ინტერნეტში განთავსებულ ჩვენს ციფრულ აქტივებზე შესაძლოა ნებისმიერ დროს შეგვეზღუდოს წვდომა, web 3.0 – ში კი შენი ციფრული აქტივების მფლობელი მხოლოდ შენ ხარ, მათი ბედი აღარაა დამოკიდებული ნახსენებ კომპანიებზე, სწორედ ამას გულისხმობს ინტერნეტის დეცენტრალიზება, სწორედ ამას უზრუნველყოფს ეთერიუმი.
როდესაც ეთერიუმსა და მის მახასიათებლებზე ვსაუბრობთ შეუძლებელია არ ვახსენოთ – Solidity. ეს არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც ეთერიუმ პლატფორმაზე აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. ამ ენაზე იწერება “ჭკვიანი კონტრაქტები” – ლოგიკა, რაც მართავს Dapp-ებს, ე.წ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს. სწორედ ჭკვიანი კონტრაქტებით განსხვავდება ეთერიუმის ბლოკჩეინი ბიტკოინისგან.
რა არის ჭკვიანი კონტრაქტები?
ჭკვიანი კონტრაქტები კოდია, რომელიც ისევე როგორც ჩვეულებრივი კონტაქტები, ითვალისწინებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, მოქმედებათა აღსრულებას, მართვასა და გადახდას, თუმცა ის დიდად განსხვავდება ჩვეულებრივი კონტრაქტებისაგან, შემდეგი მახასიათებლებით:
- ავტომატურად თვითაღსრულებადია
ის მიზნად ისახავს ავტომატურად შეასრულოს, გააკონტროლოს ან სისრულეში მოიყვანოს შესაბამისი მოვლენები და ქმედებები ხელშეკრულების ან შეთანხმების პირობების შესაბამისად. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი კონტაქტებისგან განსხვავებით, რომელთაც არ აქვთ ამის საშუალება, ჭკვიანი კონტრაქტები სხვადასხვა პროცესების ავტომატიზირების საშუალებას იძლევა.
- ატარებს მკაცრ წერილობით ხასიათს.
ჭკვიანი კონტრაქტები ჩვეულებრივისგან განსხვავებით გამონაკლისის გარეშე, მკაცრად მიყვება განსაზღვრულ პირობებს, უმცირესი დეტალების დონეზე. მას არ აქვს კომპრომისის ან ფორსმაჟორის გათვალისწინების, შემთხვევის განსჯის ან აწონ-დაწონის უნარი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება რეალურ სამყაროში. ის არის კოდი, სადაც თუ ყველა დეტალი წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუნდაც ფორსმაჟორული სიტუაცია, მაშინ ფიზიკურად ვერ მოახერხებს კონტრაქტის მიღმა წარმოშობილი დეტალების გათვალისწინებას.
- უცვლელია
მას შემდეგ რაც ჭკვიანი კონტრაქტი განთავსდება/გაეშვება ეთერიუმის ქსელში, მისი ცვლილება შემქმნელის მიერაც კი შეუძლებელი ხდება. კონტრაქტის შეცვლის ერთადერთი გზა მთელი ეთერიუმის ქსელის დარწმუნებაა, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
- რთულია მისი დაცვა
ეთერიუმის ეკოსისტემა შეიქმნა სწორადაც რომ რთული კონტრაქტების შედგენის შესაძლებლობით. კომპლექსური ხასიათის კონტრაქტების აღსრულება კი ძალიან რთულია. ასეა არა მხოლოდ ჭკვიანი კონტრაქტების შემთხვევაში, არამედ ზოგადადაც, რადგან რაც უფრო გაჯერებულია კონტრაქტები, მით მეტი “შავი ხვრელი” ჩნდება, ეს კი ინტერპრეტირების უამრავ შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ აუცილებელი ხდება ყველა შესაძლო პუნქტი წინასწარვე გაიწეროს. ჭკვიანი კონტრაქტების ეგზეკუცია (execution) გულისხმობს კონტრაქტის აღსრულების ყველა შესაძლო გზის სრულყოფილი სიზუსტით დამუშავებას, რათა დარწმუნდეთ, რომ კონტრაქტი ასრულებს მხოლოდ იმას, რაც განზრახული ჰქონდა ავტორს.
ეთერიუმი ამოქმედდა იდეით – “კოდი კანონია”. ეთერიუმზე დადებული კონტრაქტი კი არის უკანასკნელი ინსტანცია და ვერავინ შეძლებს მის ანულირებას ან უკუგდებას. თუმცა DAO-ს ინციდენტის დროს ამ იდეამ კრახი განიცადა. [DAO დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია, ხშირად მოხსენიებული, როგორც დეცენტრალიზებული ავტონომიური კორპორაცია, არის სისტემა, რომელიც ეფუძნება წესებს/კანონებს, ისინი კი გაწერილია კოდირებული კომპიუტერული პროგრამის სახით, არ ჰყავს ცენტრალური ავტორიტეტი, შესაბამისად მისი მართვისა თუ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს DAO-ს ყველა მონაწილეს]. აღმოჩნდა, რომ კოდი არც თუ ისე კარგად იყო დაცული და შედეგად ვიღაცამ მიაგნო აქილევსის ქუსლს, DAO-დან ფულის ამოღების გზას. ბევრი ამ ქმედებას არაკეთილსინდისიერად აღიქვამს, მაგრამ მეორე მხარეს არსებობენ ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ამ პირმა უბრალოდ კონტრაქტში აღმოჩენილი ამბრაზურით ისარგებლა, და ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რომ ადვოკატმა აღმოაჩინოს კონტრაქტში ხვრელი და ამგვარად თავი დაიძვრინოს.
ამის შემდეგ დადგა ეთერიუმის წესების ცვლილების საკითხი, რათა დაბრუნებულიყო თანხა, რომელიც აქამდე აღნიშნულ DAO-ში შევიდა, ამის შედეგად ქსელი ორად გაიყო (Ethereum fork). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტრაქტის შემქმნელებმა და ინვესტორებმა დაუშვეს შეცდომა, ეთერიუმის დეველოპერებმა კი გადაწყვიტეს მათი სიტუაციიდან დახსნა. უმცირესობა, რომელიც არ ეთანხმებოდა ამ ნაბიჯს, დარჩა ორიგინალ ეთერიუმის ბლოკჩეინზე (Ethereum Classic), დანარჩენები კი გამოეყვნენ მათ და განახლებული პროტოკოლის მქონე ეთერიუმზე გააგრძელეს არსებობა.
ეთერიუმის განვითარების გზა.
Ethereum გაჩენიდან დღემდე ავითარებს და ხვეწს იდეასა თუ ტექნიკურ მახასიათებლებს. მინდა მოგიყვეთ მისი განვითარების გზის შემადგენელ რამდენიმე საკვანძო მოვლენაზე. დავიწყოთ ქრონოლოგიურად.
ERC – 20
2013 წლის ნოემბერში ეთერიუმის ვაითფეიფერის გამოქვეყნებას, დაახლოებით წელიწად ნახევარში ეთერიუმის ტექნიკური დოკუმენტის გამოქვეყნებაც მოჰყვა. თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებ ამ ორი დოკუმენტის გამოქვეყნებას შორის მომხდარ მოვლენებზე და მხოლოდ ძირითად ფაქტებზე ვისაუბრებ. ტექნიკური დოკუმენტის გაშვების შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეთერიუმის მსგავს მრავალწახნაგოვან ეკოსისტემას სტანდარტებსა და წესების პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდებოდა. 2015 წელს, ეთერიუმის დეველოპერების მიერ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტანდარტი სახელად ERC-20, რომელიც გადაცვლადი ტოკენების შექმნისთვის გამოიყენება.
ERC-20 სტანდარტი 2017-2018 წლებში იყო დომინანტური გზა კრიპტოვალუტის სივრცეში ახალი ტოკენების შესაქმნელად და ICO-ს გამოყენებით ინვესტიციების მოსაზიდად. ახლა უკვე ათიათასობით განსხვავებული ტოკენი არსებობს, რომლებიც გამოიცა და მუშაობს ERC-20 სტანდარტის მიხედვით.
ICO – მონეტების საწყისი შეთავაზება
ჩვენ ვახსენეთ ICO, რომელიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ეფუძნება ERC-20 სტანდარტს. ამაში იგულისხმება ის, რომ განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ICO ბუმი ERC-20 სტანდარტმა გამოიწვია დღესდღეობით, პირველადი მონეტის შეთავაზება დამოუკიდებლად არსებობს, როგორც აქტივების განაწილების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს ტოკენების გაყიდვას, ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტისთვის სახსრების მოსაზიდად. ICO პირველად პოპულარული 2017-2018 წლებში გახდა და ამ პერიოდში მათ $20 მილიარდი შეაგროვეს კრიპტო პროექტების ფართო სპექტრისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ICO პროექტების ნახევარზე მეტი წარუმატებელი აღმოჩნდა, დიდი ნაწილი სკამერების გამო, შესაბამისად ICO ბაზარი დროთა განმავლობაში შემცირდა.
თუმცა ამ პერიოდში ტოკენების გაყიდვების ფეთქებადმა ზრდამ ხელი შეუწყო ბევრი საინტერესო პროექტის შექმნას, ზოგადად კრიპტო ინდუსტრიისა და მათ შორის ეთერიუმის ათვისების დაჩქარებას და კრიპტო ეკოსისტემაში მისი, როგორც ძირითადი ღირებულების მქონე მოთამაშის ადგილის განმტკიცებას. ეთერიუმი თავდაპირველად სწორედ ICO-ს მეშვეობით დაფინანსდა, რომელიც ჩატარდა 2014 წელს. მყიდველებმა მიიღეს ეთერი (ETH) ბიტკოინის სანაცვლოდ და გაყიდვის პირველ 12 საათში 7 მილიონზე მეტი ეთერი გაიყიდა, რაც დაახლოებით 2,2 მილიონი აშშ დოლარს უტოლდებოდა. გაყიდვის ბოლოს კი ეთერის გაყიდვები 50 მილიონი იყო, რაც დაახლოებით 17,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.
DeFi – დეცენტრალიზებული ფინანსები
არანაკლებ მნიშვნელოვანია DeFi ეთერიუმის კონტექსტში. DeFi – ს, იგივე დეცენტრალიზებული ფინანსების გაჩენას, ბიტკოინმა დაუდო საფუძველი. როგორც ვიცით, ბიტკოინის ბლოკჩეინი მისი მოუქნელობიდან გამომდინარე, გამოიყენება მხოლოდ კრიპტოს გადახდის ან მიღებისთვის. თუმცა ფინანსები ბევრად მეტს მოიცავს ვიდრე უბრალოდ ტრანზაქციებია. მაგალითად: გასესხება, სესხება, ვაჭრობა, ინვესტირება, დერივატივები და ა.შ ბიტკოინის შეზღუდული ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზემოჩამოთვლილი პროცესების დეცენტრალიზება, მაგრამ ჭკვიანი კონტრაქტებისა და ეთერიუმის არსებობამ გააჩინა DeFi -ს შექმნის შესაძლებლობა. ეთერიუმ ეკოსისტემაში შეიქმნა ისეთი დეცენტრალიზებული ფინანსური აპლიკაციები, როგორებიცაა:
- Aave – სესხება-გასესხებისთვის;
- Synthetix – დერივატივებისთვის;
- 0x – ღია პროტოკოლი, ორ ადამიანს შორის აქტივების გაცვლისთვის (P2P)
ERC 721 – P2E & NFT
ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა საფუძველი დაუდო ERC 721 სტანდარტის განვითარებას, რამაც P2E თამაშებისა და შემდგომში NFT-ის კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პირველი P2E პროექტი, სახელად Huntercoin by Xaya იყო, ბლოკჩეინ გეიმინგ ინდუსტრიის პიონერი. დეცენტრალიზებული, ცენზურის მიმართ მდგრადი სისტემა სწრაფად გადაიზარდა ბლოკჩეინის პრინციპში, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გაშვება და მასშტაბური გართობის უზრუნველყოფა. P2E თამაშების პოტენციალის გამოვლენით Xaya – მ შექმნა საძირკველი, რომლის შემდეგაც ბევრმა სხვა კომპანიამ დაიწყო შენება.
ასევე 2017 წლის ივნისში გამოჩნდა ეთერიუმ ბლოკჩეინის ერთ-ერთი პირველი NFT – Cryptopunks, თუმცა ზოგადად ეს სფერო 2019-2020 წლებში გახდა პოპულარული. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო NFT ციებ-ცხელება. 2017 წელს უფასოდ დამინტული Cryptopunk – ების ღირებულებამ მილიონებს მიაღწია. ასპარეზზე გამოჩნდა სხვა მასშტაბური პროექტებიც, მაგალითად BAYC, რომლის მინიმალური ფასი დღეს 80 ETH-ს შეადგენს.
NFT – ების პოპულარობის გათვალისწინებით, P2E თამაშები მუდმივად იზრდება. კიდევ ერთი პერსპექტიული ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს P2E თამაშების წინსვლაზე ზოგად სათამაშო ინდუსტრიაში არის მეტავერსი. მის მიმართ რწმენა საკმაოდ დიდია, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას უჩენს ენთუზიასტებს და არა მხოლოდ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით 2021 წლის მონაცემებით კრიპტო თამაშების ინდუსტრიის მთლიანი შემოსავალი $9 მილიარდამდე იყო. ამ პერიოდში საუკეთესო მაჩვენებელი თამაშ Axie Infinity-ს ჰქონდა. ის გახდა პირველი ბლოკჩეინ თამაში, რომელმაც NFT გაყიდვებით $1 მილიარდს გადააჭარბა.
პრობლემები…
ეთერიუმის ეკოსისტემაში ამდენი სიახლისა და კომპლექსურად რთული პროცესების გაჩენამ დიდი პრობლემები წარმოშვა ბლოკჩეინში. ჰაიპი იმდენად მაღალი იყო, განსაკუთრებით NFT ბუმის დროს და იმდენი ადამიანი ცდილობდა ციფრული აქტივების შეძენასა და სხვადასხვა ტრანზაქციების გატარებას, რომ ბლოკჩეინის მოხმარება ძალიან რთული გახდა. გაიზარდა ტრანზაქციის საკომისიოები და სიჩქარის პრობლემები. მაგალითად, BAYC-ის (Bored Ape Yacht Club) otherside მეტავერსის მიწების გაყიდვის დღეს, მყიდველებმა – მხოლოდ ტრანზაქციის შესრულებაში 87 მილიონი გადაიხადეს. ამ მომენტისთვის Gas fee საშუალოდ $3000 იყო. ქსელის გადატვირთვამ გამოიწვია ის, რომ ცალკეულ შემთხვევებში ტრანზაქციების საკომისიო 10,000 დოლარსაც კი აჭარბებდა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო გახდა გამოსავლის პოვნა, რაც კონსენსუსის მექანიზის ცვლილებაში გამოიხატებოდა.
ეთერიუმ მერჯი
2022 წლის 15 სექტემბერს, როგორც იქნა ასრულდა ვიტალიკის ოცნება და ეთერიუმის ქსელი Proof-of-Work კონსენსუსიდან გადავიდა Proof-of-Stake კონსენსუსზე, რასაც სხვანაირად ეთერიუმის მერჯს უწოდებენ. ეს ნამდვილად არის Web 3 ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა. მისი მიზანი იყო შემცირებულიყო ელექტროენერგიის მოხმარება მაინერების მხრიდან, მაშასადამე ეთერიუმი ახლა უკვე მაინინგით აღარ გამომუშავდება, ამით დაიზოგება ენერგიის 99.95%, რაც ვიტალიკის განცხადებით, მსოფლიო ენერგო მოხმარებას 0,2%-ით შეამცირებს. კონსენსუსის ცვლილების მიზანია ასევე ის, რომ გაიზარდოს ტრანზაქციის სისწრაფე და გამტარუნარიანობა (tps), ისე რომ დეცენტრალიზაციას და უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. თუმცა მოსაზრება, რომ მერჯის შემდეგ მომენტალურად მოგვარდება ქსელში არსებული ყველა პრობლემა- მითია. ეთერიუმმა უნდა გაიაროს მერჯის მაგვარი კიდევ რამდენიმე ფაზა: The Surge, The Verge, The Purge, The Splurge – იმისთვის რომ საბოლოოდ იმ მიზანს მიაღწიოს, რაცაა ტრანზაქციის საკომისიოების (Gas Fee) შემცირება და TPS – ის გაზრდა.