ბლოკჩეინი – ახალი ინდუსტრიული რევოლუციის საწყისი

რა არის ბლოკჩეინი და როგორ მუშაობს ის?

ამ კითხვაზე პასუხი მოკლედ შემდეგნაირად ჟღერს: “ბლოკჩეინი არის ბლოკების ჯაჭვი, დაცული მონაცემთა ბაზა, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელია”. ხოლო თუ უფრო სრულყოფილ პასუხს ეძებ, გაინტერესებს როგორ მუშაობს და რეალურ ცხოვრებაში რა გამოყენებადობა აქვს – მაშინ ჩაისუნთქე და უფრო სიღრმისეულ ახსნაზე გადავიდეთ  

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი არის მუდმივად მზარდი ტიპის მონაცემთა ბაზა. იგი შედგება ბლოკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია “ჯაჭვით.” მისი სახელიც აქედან მომდინარეობს. Block – ბლოკი, Chain – ჯაჭვი. ბლოკები ინახავენ ინფორმაციას. ბიტკოინის შემთხვევაში, ინფორმაციას – ტრანზაქციების შესახებ, რომელშიც მოიაზრება: ზუსტად რა დროს, რომელი მისამართიდან რომელ მისამართზე, რამდენი ბიტკოინი გაიგზავნა. ბლოკები თავის მხრივ სტრუქტურულად ერთმანეთზეა გადაბმული/დალინკული და ყოველი მათგანი ინახავს, როგორც ახლად დამატებულ, ასევე მის წინამორბედ ბლოკში არსებულ ინფორმაციასაც პროგრამულად მოდიფიცირებული სახით, რომლის ცვლილება, წაშლა, რევერსირება შეუძლებელია. ეს ყველაფერი ქმნის ბლოკების ჯაჭვს, Block Chain – ს. თუ ამ ჯაჭვს გავყვებით, აუცილებლად აღმოვაჩენთ პირველადი წარმოშობის ბლოკს, სახელად გენეზის ბლოკი (Genesis Block). მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინს მრავალი გამოყენებადობა აქვს, პირველად ეს სისტემა გამოყენებულ იქნა ბიტკოინის ტრანზაქციისთვის, და საერთოდაც ბიტკოინის შექმნამ მისცა ამ სისტემას პრაქტიკული დანიშნულება. სწორედ ესაა მიზეზი, რატომ წარმოუდგება ყველას ბიტკოინი ბლოკჩეინის გაგონებისას. ცხადია, ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუმცა ბლოკჩეინი ბევრად მრავალწახნაგოვანია, რაზეც პაწა ქვევით აუცილებლად მოგიყვებით. მანამდე კი, გავიგოთ როგორ მუშაობს ის.

ბლოკჩეინი გენეზის ბლოკი

ამის მარტივად აღსაქმელად გამოვიყენოთ ფოტო. აქ ჩანს, რომ ნოლ უჯრაში არსებული მონაცემები – abcAA გარდაიქმნება ორ სიმბოლოიან იდენტიფიკატორად – KP, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება, როგორც შემდეგი მონაცემის ნაწილი – defKP, რომელიც თავის მხრივ ასევე ორ სიმბოლოიან იდენტიფიკატორს გვაძლევს CD-ს და ასე გრძელდება უსასრულოდ. ეს არის მონაცემთა ბაზა, სადაც ყოველი მომდევნო ჩანაწერი შეიცავს მისი წინამორბედის იდენთიფიკატორს. შესაბამისად TH, არსებითად, არის მის წინ არსებული ყველა ინფორმაციის პროდუქტი. ესაა პრინციპი, თუ როგორ არიან ბლოკები ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ორ სიმბოლოიანი იდენთიფიკატორები გამარტივებული ანალოგია იმისა, თუ როგორ იყენებს ბლოკჩეინი ჰეშის ფუნქციებს. მარტივად რომ ვთქვათ ჰეში არის წებო, რომელიც ბლოკებს ერთმანეთთან აერთებს. თითოეული ბლოკი შეიცავს ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას. ამასთან ერთად ბლოკში სტრუქტურულად გათვალისწინებულია მისამართის ველი ე.წ ჰეშის ნაწილი, რომლის ალგორითმი მუშაობს შემდეგნაირად, რომ ბლოკჩეინს ნებისმიერი სახის ინფორმაციას თუ დოკუმენტს, იქნება ეს JPG, SVG ფაილი, ექსელის დოკუმენტი, აუდიო ა.შ – ჰეშავს. სხვა სიტყვებით, იღებს მის მონაცემებს, მათემატიკური ფუნქციის გამოყენებით დაჰყავს 64 სიმბოლომდე და ასე იღებს ფაილის მისამართს, ანუ ჰეშს. ამ მისამართში არის როგორც თავისი თავის მისამართი, ასევე წინა ბლოკის 64 სიმბოლოიანი მისამართიც. ასეთია მონაცემთა სტრუქტურა. ეს სისტემა წარმოუდგენლად ღირებულია ბლოკჩეინის კონტექსტში. ერთი სიტყვით ყოველი ბლოკი, როგორც თავისი თავის, ასევე მისი წინა ბლოკის ანაბეჭდია. შესაბამისად მცირედი ცვლილება ნებისმიერ ბლოკში გამოიწვევს ყველა დანარჩენის ცვლილებას. 

ბლოკჩეინ სისტემის მთავარი უპირატესობა მისი დაცულობა, სანდოობა და დეცენტრალიზებულობაა. დეცენტრალიზებულობა კი გულისხმობს, რომ ბლოკჩეინ სისტემაში არ არსებობს ერთი სერვერი ან ერთი ავტორიტეტული მონაწილე პირი, რომელიც აკონტროლებს სისტემას და იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებები მიიღება ქსელში მონაწილე ყველა კვანძის ჩართულობით. დეცენრალიზებული სისტემა Peer-to-peer-ს (P2P) გულისხმობს. ამ ტერმინის თარგმნა არც ისე მარტივია, (თუ კარგ თარგმანს მოიფიქრეთ გაგვაგებინეთ, ჩვენს ლექსიკონში დავამატებთ) თუმცა შინაარსი მარტივად აღსაქმელია. P2P აღნიშნავს სისტემას, სადაც პროცესები ორ პირს შორის ხდება და იქ მესამე არ ერევა. მაგალითად: კონტრაქტი ფორმდება ორ დაინტერესებულ პირს შორის – იურისტის ჩართულობის გარეშე, ან ხდება ტრანზაქცია ბანკის ჩარევის გარეშე, ან უბრალოდ იძახებთ ტაქსის, უშუალოდ მძღოლთან კონტაქტით, უბერის აპლიკაციის გამოყენების გარეშე და ა.შ 

ახლა კი როგორ მუშაობს P2P? გადავწყვიტეთ აქაც ვიზუალი მოვიშველიოთ, ვინაიდან გვგონია, რომ ჰეშინგი მშვენივრად გაიგეთ ფოტოს დახმარებით.

როგორ მუშაობს P2P ბლოკჩეინში?

წარმოვიდგინოთ, რომ A-ს სურს თავისი შეტყობინება გაუგზავნოს F-ს. მარცხენა ფოტოს მიხედვით, ამისთვის მან ეს ინფორმაცია უნდა გადასცეს ჯერ სერვერს, რომელიც ერთადერთია ვისთანაც კავშირი აქვს და მისი მეშვეობით მიიტანოს F-ამდე. მარჯვენა მხარეს კი ვხედავთ, რომ ყველა კომპიუტერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ ქსელში არ არის ადმინისტრატორი, ამიტომ ცენტრალურ სერვერთან დაკავშირების ნაცვლად სხვა მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მომხმარებელი აგზავნის მას პირდაპირ ადრესატთან. შესაბამისად ტრანზაქცია ხორციელდება მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, სწორედ ეს არის P2P ქსელი. მაგალითად: როდესაც თქვენ შედიხართ სოლმის ვებზე, რეალურად თქვენ სთხოვთ სოლმის სერვერებს, გამოგზავნონ ყველა ბლოგი, რაც მასზეა განთავსებული. თუ ჩვენი ვებსაიტი ნებისმიერი მიზეზით გაითიშება, თქვენ შეგეზღუდებათ სოლმის რესურსზე წვდომა. თუმცა, თუ თქვენ ვების გათიშვამდე ჩამოტვირთეთ მთელი კონტენტი, ან იგივე ინფორმაცია ინახება სხვა კომპიუტერებზეც, მაშინ აღარ გჭირდებათ ჩვენს, სოლმის, სერვერს სთხოვოთ ინფორმაცია, რადგან ამ ინფორმაციას როგორც თქვენ, ასევე სხვა სერვერებიც ფლობენ. სწორედ ამას გულისხმობს და ასე მუშაობს P2P ბლოკჩეინში: მთელი მონაცემთა ბაზა ინახება ქსელის თითოეული მონაწილის კომპიუტერში. 

ამის მაგალითია ტორენტის ქსელი, რომელიც არის ფაილების ჩამოტვირთვისა და ატვირთვის პროცესი. ფაილების ცენტრალურ სერვერზე ჩამოტვირთვის ნაცვლად, ტორენტირება მოიცავს ფაილების ჩამოტვირთვას სხვა მომხმარებლების მოწყობილობებიდან ქსელში. ამის საპირწონედ კი, მომხმარებლები ტვირთავენ ფაილებს საკუთარი მოწყობილობიდან, რათა სხვა მომხმარებლებმაც შეძლონ მისი ჩამოტვირთვა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებულ ციფრულ სამყაროში არსებული კვანძების ერთობლიობა, რომელიც მათემატიკური გამოთვლების საშუალებით ახერხებს შექმნას მონაცემთა ბაზა, რომლის დაჰაკვა, დაზიანება ან ნებისმიერი სახის ხელყოფა შეუძლებელია. 

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინი ახალი ტექნოლოგიაა, მას აქვს მდიდარი და საინტერესო ისტორია. ქვემოთ მოცემულია იმ ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების შექმნის ქრონოლოგია, რომელიც წინ უძღოდა ამ სისტემის განვითარებას.

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

1976 

“Cryptography” by WHITFIELD DIFFIE AND MARTIN E. HELLMAN

კრიპტოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ისეთი უსაფრთხო კომუნიკაციის ტექნიკებს, რომელიც მხოლოდ შეტყობინების გამგზავნს და მიმღებს აძლევს საშუალებას ნახოს მისი შინაარსი.

1982

“Byzantine Fault Tolerance”  by  LLESLIE LAMPORT, ROBERT SHOSTAK, and MARSHALL PEASE

ბიზანტიელი გენერლების პრობლემა – არის ლოგიკური დილემა, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეიძლება გადაწყვეტილებების მიმღებ ჯგუფში მონაწილეებს შეექმნათ კომუნიკაციის პრობლემები, მაშინ როდესაც მომავალ ნაბიჯზე შეთანხმებას ცდილობენ.

1983

“Blind Signatures for Untraceable Payments” about Digital Cashby David Chaum, 

ციფრული ფული – ციფრული ნაღდი ფული არის ელექტრონული ვალუტის ფორმა, რომელიც არსებობს მხოლოდ კიბერსივრცეში და არ გააჩნია რეალური ფიზიკური თვისებები, მაგრამ გთავაზობთ რეალური ვალუტის ელექტრონულ ფორმატში გამოყენების შესაძლებლობას.

1997

“Smart Contracts” by Nick Szabo

ჭკვიანი კონტრაქტი – არის კომპიუტერული პროგრამა. ის არ არის იურიდიული დოკუმენტი. თუმცა მიზნად ისახავს ავტომატურად შეასრულოს, გააკონტროლოს ან სისრულეში მოიყვანოს შესაბამისი მოვლენები და ქმედებები ხელშეკრულების ან შეთანხმების პირობების შესაბამისად. მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა პროცესების ავტომატიზირების საშუალებას იძლევა. 

2001

“Peer-to-peer networks”by Brahm Cohen, Bittorrent

Peer-to-peer (P2P) – არის დეცენტრალიზებული კომუნიკაციის მოდელი, რომელშიც თითოეულ მხარე არის თანასწორუფლებიანი. მსგავსი კომუნიკაციის მოდელი გულისხმობს, რომ კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს და არ საჭიროებს მესამე მხარის ჩართულობას. ამის მაგალითებია Bittorent და Skype.

2008

“Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System”by Satoshi Nakamoto

შემდგომ კი შეიქმნა ბიტკოინი, რომელმაც ამ სფეროში უკვე არსებული მიგნებების პრაქტიკულ გამოყენებას დაუდო საფუძველი. სატოში ნაკამოტო, პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის ფსევდონიმია, რომელმაც გამოაქვეყნა ბიტკოინის ვაითფეიფერი (დოკუმენტი) სახელწოდებით: „Bitcoin: Peer to Peer Electronic Cash System“.  ბიტკოინი შეიქმნა 2008 წლის ამერიკის კრიზისის შემდეგ. მიზანი იყო ბუფერები, შუამავალი პირები ან კომპანიები, ანუ მესამე პირები ამოეგდოთ პროცესიდან. მაგალითად, ტრანზაქციების დროს: ბანკის ან ნოტარიუსის მომსახურება არის ფასიანი, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეული პირების, რომლებსაც მიაქვთ მომსახურებაში რაღაც საკომისიო, პროცესიდან ჩამოშორებით დაიზოგოს ფული. სატოში ნაკამოტომ კი ეს შესაძლებლობა რეალური გახადა

რა აქცევს ბლოკჩეინს ბიზნესებისთვის შესაფერისად?

იმის ნაცვლად, რომ ვიყენებდეთ ბლოკჩეინს, მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოვალუტების მიმოცვლისთვის, როგორც ბიტკოინის შემთხვევაში ხდება, ბლოკჩეინს შესაძლოა სხვა მრავალი დანიშნულება მოვუძებნოთ ბიზნესებისთვის. დღეს ბიტკოინის ბლოკჩეინი ღია და გამჭირვალე სისტემაში ანონიმური პირების მოქმედებებით არის გაჯერებული, მაშინ როდესაც ბლოკჩეინი ბიზნესებისთვის არის კერძო, ცენზურის მიმართ მდგრადი ქსელი, სადაც ცნობილია მომხმარებლის იდენტობა და არ დგას კრიპტოვალუტების არსებობის საჭიროება. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა აქცევს ბლოკჩეინს ბიზნესისთვის შესაფერის სისტემად, უნდა გავიაროთ შემდეგი ოთხი კონცეფცია.

  • გაზიარებული ლეჯერი
  • უფლებამოსილებები
  • ჭკვიანი კონტრაქტები

საერთო ლეჯერი

ლეჯერებში ახალი არაფერია. ისინი მე-15 საუკუნიდან გამოიყენებოდა ორმაგი ჩანაწერების საბუღალტრო აღრიცხვაში. ის, რაც დაეხმარა მთელს მსოფლიოს ბიზნესებისადმი ახალი მიდგომების ჩამოყალიბებაში, არის გაზიარებული, განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის გაჩენა – ეს არის ქსელში არსებული ყველა ტრანზაქციის უცვლელი ჩანაწერი. ჩანაწერი, რომელზეც ქსელის ყველა მონაწილეს აქვს წვდომა. საერთო წიგნით, ტრანზაქციები აღირიცხება მხოლოდ ერთხელ, რაც გამორიცხავს ძალისხმევის გაორმაგებას, რაც ნაცნობია ტრადიციული ბიზნეს ქსელებისთვის. გაზიარებულ ლეჯერს აქვს შემდეგი მახასიათებლები:

  • აღრიცხავს ყველა ტრანზაქციას ბიზნეს ქსელში; საერთო ლეჯერი არის ჩანაწერების სისტემა, ერთადერთი წყარო სადაც ზუსტი ინფორმაცია ინახება.
  • გაზიარებულია ქსელის ყველა მონაწილესთან; თვითწარმოების საშუალებით, თითოეულ მონაწილეს აქვს ლეჯერის დუბლიკატი.
  • წვდომა შეზღუდვადია – ამიტომ მონაწილეები ხედავენ მხოლოდ იმ ტრანზაქციებს, რომელთა ნახვის უფლება აქვთ. ყველა მონაწილეს აქვს ვინაობა, რომელიც მათ ტრანზაქციებთან აკავშირებს. თავის მხრივ, მათ შეუძლიათ აირჩიონ ინფორმაცია, რომელზე წვდომის უფლებას მისცემენ სხვა მონაწილეებსაც.

უფლებამოსილებები

ბლოკჩეინები შესაძლოა იყოს თავისუფლად წვდომადი, ანუ კონტროლისგან, შეზღუდვებისგან თავისუფალი და პირიქით. იმ ბლოკჩეინებში, რომლებიც არ არის თავისუფლად წვდომადი, თითოეულ მონაწილეს აქვს იდენტობა, რაც იძლევა ქსელში მონაწილეობისა და ტრანზაქციებზე წვდომის საშუალებას, თუმცა საჯარო ბლოკჩეინებში ტრანზაქციის დეტალების დონე შეიძლება შეიზღუდოს კონფიდენციალურობის დასაცავად და ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, ამიტომ ორგანიზაციები იმის მიხედვით თუ რა სახისაა მონაცემთა ბაზა ირჩევენ საჯარო ან თავისუფლად წვდომად ბლოკჩეინებს. მაგალითად თუ საქმე ეხება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მსგავსი ინფორმაცია ინახება დახურულ ბლოკჩეინებში, და მის დეტალებზე წვდომა შეზღუდულია. ბიტკოინის ბლოკჩეინი კი პირიქითაა, აქ ქსელის ნებისმიერ მონაწილე პირს აქვს ტრანზაქციების დეტალების ხილვის საშუალება.

ჭკვიანი კონტრაქტები

ჭკვიანი კონტრაქტი არის შეთანხმება ან წესების ნაკრები, რომელიც არეგულირებს ბიზნეს ტრანზაქციას; ის ინახება ბლოკჩეინზე და ავტომატურად სრულდება, როგორც ტრანზაქციის ნაწილი. ჭკვიანი კონტრაქტებს პრაქტიკაში მრავალი დანიშნულება შეიძლება მიეცეს. მაგალითად ფულადი ურთიერთობების მართვა. ჭკვიანი კონტრაქტები შეიძლება შეიქმნას, როგორც ესქრო ანგარიშები, რომლებიც აკონტროლებენ ორ მხარეს შორის ფულისა და პროდუქტის მიმოცვლას. მას შეუძლია თვალყური ადევნოს საქონლის მდებარეობას და როდესაც საკუთრება გადაეცემა მფლობელს, ავტომატურად, შეძენილი პროდუქტის თანხა გადასცეს გამყიდველს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის არის ავტომატური კომპენსირების მრავალფუნქციური და კომპლექსური ინსტრუმენტი.

ბლოკჩეინის პრაქტიკული გამოყენება

ბლოკჩეინის სისტემის პრაქტიკული დანიშნულება მხოლოდ ბიტკოინითა და ტრანზაქციებით არ შემოიფარგლება. მას სხვა მრავალი პოტენციური გამოყენებადობა გააჩინა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია, ჯანდაცვა, მიწოდების ჯაჭვი, ქველმოქმედება, ე.წ ქრაუდფანდინგი და ა.შ.  ქვემოთ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ბლოკჩეინი და მიწოდების ჯაჭვი

ეფექტური მიწოდების ჯაჭვები არის მრავალი წარმატებული ბიზნესის ბირთვი და ზრუნავს საქონლის ექსპლუატაციაზე სანამ ის მივა მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე. მიწოდების ჯაჭვი არის ქსელი კომპანიასა და მის მომწოდებლებს შორის, რათა აწარმოოს და მიიტანოს კონკრეტული პროდუქტი საბოლოო მყიდველამდე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური მიწოდების ჯაჭვი ჩვეულებრივ ერთიანი სისტემის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ვინაიდან მასში მონაწილე პირები სხვადასხვა ორგანიზაციები თუ პირები არიან სისტემები რეალურად დანაწევრებულია, რაც იმას ნიშნავს რომ მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილე პირი ცალ-ცალკე აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვებს და ყველას საკუთარი ინდივიდუალური ლეჯერი აქვს. ბლოკჩეინის ქსელში კი საზიარო ლეჯერის გამოყენებით, თითოეული ავტორიზებული მონაწილეერთიანდება საერთო, საზიარო ლეჯერის გარშემო და აქვს წვდომა სრულ პროცესზე, შეუძლია მანქანის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება ავტომობილი მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

მაგალითად, ავტომობილების მიწოდების ჯაჭვში რამდენიმე სტადია არსებობს. ავტომობილების მწარმოებლები, რეალიზატორები, სალიზინგო კომპანია, მეიჯარე და ა.შ ყველა მათგანი საკუთარ პირად ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს. საზიარო ლეჯერი და სმარტ კონტრაქტები კი არის ის რაც ყველა რგოლისთვის საერთოა. (იხ.ფოტო)

მიწოდების ჯაჭვში ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებას აქვს რამდენიმე ბენეფიტი:

  • დროის დაზოგვა – რთული, მრავალმხრივი ურთიერთქმედების გარიგების დრო დაყვანილი დღეებიდან – წუთებამდე. ტრანზაქციის ანგარიშსწორება უფრო სწრაფია, რადგან ის არ საჭიროებს ცენტრალური ორგანოს მიერ გადამოწმებას.
  • ხარჯების დაზოგვა – ბლოკჩეინის ქსელი ამცირებს ხარჯებს რამდენიმე გზით:
  • ნაკლები ზედამხედველობაა საჭირო, რადგან ქსელს   აკონტროლებენ ქსელის მონაწილეები და ყველა იდენტიფიცირებადია.
  • შუამავლების რაოდენობა მცირდება – რადგან მონაწილეებს შეუძლიათ პირდაპირ გაცვალონ ღირებული ნივთები შუამავლის გარეშე.
  • ძალისხმევის გაორმაგება აღარ ხდება –  რადგან ყველა მონაწილეს აქვს წვდომა საზიარო ლეჯერზე.
  • მეტი დაცულობა – Blockchain-ის სისტემა იცავს პროცესს თაღლითობისა და კიბერდანაშაულისგან.  ბლოკჩეინი საშუალებას იძლევა შექმნას მხოლოდ  წევრებისთვის განკუთვნილი ქსელი, სადაც სხვა პირს ფიზიკურად არ ექნება ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა.
  • მეტი კონფიდენციალურობა – პირადობის მოწმობებისა და ნებართვების გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ტრანზაქციის დეტალებზე უნდათ, რომ სხვა მონაწილეებს მიუწვდებოდეთ ხელი. 
  • მეტი სიზუსტე – საზიარო წიგნის ქონა, რომელიც ემსახურება, როგორც სიმართლის ერთ წყაროს ასევე აუმჯობესებს ტრანზაქციების მონიტორინგისა და აუდიტის ეფექტური მუშაობის უნარს.
  • მეტი ოპერაციული ეფექტურობა – აქტივების გაციფრულება აუმჯობესებს საკუთრების გადაცემის პროცესს. ტრანზაქციები შეიძლება განხორციელდეს ბიზნესის კეთების პარალელურად, მეტი სიჩქარით.

ბლოკჩეინი და ჯანდაცვა

სამედიცინო ჩანაწერების საიმედოდ შენახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემისთვის და ცენტრალიზებულ სერვერებზე დამოკიდებულება სენსიტიურ ინფორმაციას ტოვებს დაუცველ მდგომარეობაში. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამჭვირვალობა და უსაფრთხოება მას იდეალურ პლატფორმად აქცევს სამედიცინო ჩანაწერების შესანახად. ბლოკჩეინზე თავიანთი ჩანაწერების კრიპტოგრაფიული უზრუნველყოფისას პაციენტებს შეეძლოთ შეენარჩუნებინათ კონფიდენციალურობა, ამასთან, შეეძლოთ თავიანთი სამედიცინო ინფორმაციის გაზიარება ნებისმიერ ჯანდაცვის დაწესებულებაში.

საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები

საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად აბრკოლებს სახსრების მიღებისას დაწესებული შეზღუდვები. კიდევ უფრო იმედგამაცრუებელია, ის რომ შემოწირული თანხების საბოლოო დანიშნულება შეიძლება ძნელი დასადგენი იყოს და ქველმოქმედებმა თვალყური ადევნონ რეალურად რას ხმარდება მათი რესურსი, რაც უდავოდ ხელს უშლის ბევრს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერისგან.

განაწილებული ფაილური სისტემები

შენახვის მიზნით ინტერნეტში ფაილების გავრცელებას ბევრი უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ ცენტრალიზებულ ალტერნატივებთან შედარებით. ღრუბლოვან სისტემაში შენახული მონაცემების დიდი ნაწილი ეყრდნობა ცენტრალიზებულ სერვერებს და სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც უფრო დაუცველნი არიან შეტევებისა და მონაცემთა დაკარგვის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებლებს შეიძლება შეექმნათ ცენტრალიზებულ სერვერებთან ხელმისაწვდომობის პრობლემები ცენზურის გამო.

სამომხმარებლო თვალსაზრისით, ბლოკჩეინის ფაილების შენახვის გადაწყვეტილებები მუშაობს ისევე, როგორც ღრუბლოვანი შენახვის სხვა გადაწყვეტილებები – შეგიძლიათ ატვირთოთ, შეინახოთ და იქონიოთ წვდომა ფაილებზე. თუმცა, რაც ამ ყველაფრის უკან ხდება, სრულიად განსხვავებულია.

როდესაც ატვირთავთ ფაილს ბლოკჩეინის საცავში, ის ნაწილდება და მრავლდება რამდენიმე კვანძში. ზოგიერთ შემთხვევაში, თითოეული კვანძი შეინახავს თქვენი ფაილის განსხვავებულ ნაწილს. მათ არ შეუძლიათ ბევრი რამ გააკეთონ ნაწილობრივი მონაცემებით, მაგრამ მოგვიანებით შეგიძლიათ მოითხოვოთ კვანძებისგან თითოეული ნაწილის მიწოდება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეკრათ ისინი და დაიბრუნოთ სრული ფაილი.

თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბიტკოინის მსგავსი ტიპის ქსელი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ქსელის მთავარი მიზანი არ არის ფულადი ღირებულების გადარიცხვების მხარდაჭერა, არამედ ცენზურისადმი მდგრადი, დეცენტრალიზებული ფაილების შენახვის ჩართვა. 

ბლოკჩეინი და კომპიუტერული თამაშის ინდუსტრია

ონლაინ თამაშების უმეტესობაში გეიმერები იძულებულნი არიან დეველოპერების მიერ მოფიქრებულ, მუდმივად ცვალებად წესებს მოერგონ. დღესდღეობით, თამაშები ცენტრალიზებულია, რადგან მოთამაშეებს არ აქვთ საშუალება რეალურ სამყაროში რაიმე სარგებელი მიიღონ თავიანთი პერსონაჟებისგან ან თამაშისას მოპოვებული ნივთებიდან. არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პერსონაჟი გადაიყვანონ სხვა სამყაროში. (სხვა თამაშში). შესაძლოა მაგალითად შენი მანქანა, რომელსაც სხვა დამახასიათებელ თვისებებთან ერთად ჰქონდა დამატებითი აქსესუარები, და მათ მოსაპოვებლად ბევრი იშრომე, მეორე დღეს თამაშის შემქმნელების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უბრალოდ გაქრეს და შენ ამას ვერ შეცვლი. ასევე პრობლემაა ჰაკერთა თავდასხმები.

ბლოკჩეინზე დაფუძნებული მიდგომით კი თამაშები შეიძლება გახდეს უფრო მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო თამაშში არსებული ნივთები, რომლებიც გამოშვებულია კრიპტო-საკოლექციო ნივთების სახით, შეიძლება მოიპოვონ რეალური ღირებულება. 

ქრაუდფანდინგი

Crowdfunding მოდელმა საშუალება მისცა სტარტაპებს მოეპოვებინათ სახსრები ბიუროკრატიის გარეშე. არსებულ მოდელში, ადამიანთა ფონდი მცირე თანხებს აწვდის პროექტს და ელოდება გარკვეულ ფინანსურ ან არაფინანსურ შემოსავალს. Crowdfunding პლატფორმა იღებს საკომისიოს და იზიარებს დამფინანსებლებისა და ფონდების მოზიდვის საჭიროებებსა და მოლოდინებს. ბლოკჩეინის ტექნოლოგია კი არის უფრო ეფექტური, უსაფრთხო და ბიუროკრატიით გამოწვეული შეფერხებების მიმართ მდგრადი კვანძების სისტემა. ბლოკჩეინის დანერგვა crowdfunding-ში გახდის მას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს, სანდოს, დეცენტრალიზებულს, ხარჯთეფექტურს და მოსახერხებელს. ქრაუდფანდინგის ერთ-ერთი მაგალითია NFT კოლექციები.

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter