ბიტკოინი – ფულის ევოლუციის უახლესი ეტაპი

რა არის ბიტკოინი?

თუ ამ კითხვაზე პასუხს დიდი ხანია ეძებ, მაგრამ ყოველი სტატია თუ ბლოგი ერთნაირად რთული ტექნიკური ტერმინებითაა სავსე და საათობით კითხვის შემდეგაც გონებაში მაინც ყველაფერი არეულია, მაშინ ვფიქრობ, ეს ბლოგი დაგეხმარება შენს თავში ქაოტურად მოარული ინფორმაციის დალაგებაში. ყოველ შემთხვევაში ეს გვაქვს ჩაფიქრებული.

ბიტკოინი ციფრული ფულია, შესაბამისად სანამ ბიტკოინზე გადავიდოდეთ უმჯობესია გამოვყოთ ერთი წუთი და ვისაუბროთ ფულზე.

რა არის ფული? 

არსობრივად ფული ღირებულებაა. თუ მე რაიმე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რაც შენთვის ღირებულია, მაგალითად ყავას მოგიდუღებ, შენ ამისთვის მომცემ ანაზღაურებას. მე კი ამ ფულს გამოვიყენებ რაიმე სხვა, ჩემთვის ღირებულის მისაღებად, მაგალითად ამ ფულით ვიყიდი კონცერტის ბილეთებს. 

ისტორიის მანძილზე ფული, მრავალგვარად ფორმირდებოდა. მაგალითად, მარილი, ხორბალი, ბოსტნეული და რა თქმა უნდა, ოქრო, ისინი ძირითადად გაცვლის საშუალებად, (ბარტერისთვის) გამოიყენებოდა და ყველა მათგანს გააჩნდა ღირებულება. ხოლო იმისთვის, რომ  რაღაცას ჰქონდეს ღირებულება ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ის ნამდვილად ღირებულია დღეს და შეინარჩუნებს მას მომავალშიც. დაახლოებით ასი წლის წინ, ჩვენ ვენდობოდით იმას, რაც გამოხატავდა ფულს, თუმცა პროცესში გარდატეხა მოხდა, შევცვალეთ მიდგომები და ნდობის მოდელი. თუ აქამდე ვენდობოდით რაღაცას – ოქროს, ახლა ვენდობით ვიღაცას – სახელმწიფოს. ნება მომეცი აგიხსნა. დროთა განმავლობაში ხალხისთვის ძალიან რთული გახდა მსოფლიოს გარშემო სიარულისას ოქროს ზოდების ან ფულის სხვა ფორმების (ხორბლის, ბოსტნეულის) თან ტარება, ამიტომ გამოიგონეს ქაღალდის ფული. აი, როგორ მუშაობდა ეს პროცესი, რომელიც ოქროს სტანდარტის სახელითაა ცნობილი. ბანკი ან მთავრობა სთავაზობდა ადამიანებს თავიანთი ოქროს ზოდის ბანკში განთავსებას, რომლის ღირებულება მაგალითად $1000 იყო და სანაცვლოდ ბანკი გასცემდა ამავე რაოდენობის “ქვითარს”, როგორც ჩვენ დღეს ვუწოდებთ კუპიურას. კუპიურების ტარება არა მხოლოდ ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო, არამედ ადამიანებს შეეძლოთ დაეხარჯათ ერთი დოლარი ერთ ფინჯან ყავაზე და ამისთვის არ დასჭირდებოდათ თავიანთი ოქროს ზოდის ათას ნაწილად დანაწევრება. ხოლო თუ ადამიანები მოითხოვდნენ თავიანთი ოქროს ზოდის დაბრუნებას, ბანკში შეიტანდნენ იმ რაოდენობის კუპიურას რამდენადაც ფასობდა მათი ოქროს ზოდი. ასე გახდა ქაღალდის ფული – ღირებულება, როგორც პრაქტიკულობისა და მოხერხებულობის ინსტრუმენტი. 

თუმცა, დროისა და მაკროეკონომიკური ცვლილებების გამო, ეს კავშირი ქაღალდის ფულსა და ოქროს ზოდებს შორის გაწყდა. ახლა, იმ გზის ახსნა, რომელმაც ოქროს სტანდარტთან დაგვაშორა, ძალზე რთული იქნება, მაგრამ საკმარისია იმის თქმაც, რომ ამ კავშირის გაწყვეტას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი – მთავრობებმა უთხრეს თავიანთ ხალხს, რომ თავად აიღებდნენ პასუხისმგებლობას ქაღალდის ფულის ღირებულებაზე (ვალიდურობაზე) და ჩვენ ყველამ ვთქვით: “მოდით, უბრალოდ დავივიწყოთ ოქრო და ვენდოთ მთავრობას”. ასე რომ, ხალხმა გააგრძელა ვაჭრობა კუპიურებით, რომლებიც მთავრობის დაპირების გარდა არაფრით აღარ იყო გამყარებული. ჩნდება კითხვა – საერთოდ, რატომ განაგრძობს ფული ასე მუშაობას? პასუხი დაუჯერებლად მარტივია – ნდობა. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ფულს ზურგს რეალური არაფერი უმყარებდა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას და ცენტრალურ ბანკს. ასე შეიქმნა არაკონვერტირებადი ქაღალდის ფული, იგივე ფიატის ფული (fiat money). ასე რომ, ნდობის მოდელი შეიცვალა, რაღაცის ნდობიდან ვიღაცის, ამ შემთხვევაში, მთავრობის ნდობით. 

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ფიატის ფულმა ფესვები გაიდგა, ფულის ციფრულ სივრცეში გადატანა საკმაოდ მარტივი გახდა. ჩვენ უკვე ისედაც გვყავდა ცენტრალური ორგანო, რომელიც გასცემდა ფულს, რომელიც არაფრით არის გამყარებული, ასე რომ, რატომ არ უნდა გავხადოთ ფული ციფრული და მივცეთ უფლება ამ ორგანოს თვალყური ადევნოს, იმას თუ ვინ რას და რამდენს ფლობს? 

დღეს ჩვენ ძირითადად ვიყენებთ საკრედიტო ბარათებს, საბანკო გადარიცხვებს, paypal-ს და ციფრული ფულის სხვა ფორმებს. ხოლო ფიზიკური ფულის, ქეშის რაოდენობა მსოფლიოში ძალიან მცირეა.

ფულის ნაკლოვანებები: 

თითქოს ყველაფერი იდეალურად გამოიყურება, თუმცა  ყველაფერს ყოველთვის  მოსდევს პატარა “მაგრამ” 🙂 არაკონვერტირებადი  ფულის შემთხვევაშიც ასეა. მას სამი დიდი ნაკლი აქვს:

  • ცენტრალიზებულობა: არსებობს ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებს და გასცემს ფულს. ამ შემთხვევაში მთავრობა ან ცენტრალური ბანკი. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ფულზე მთელი კონტროლი მათ აქვთ. ნებისმიერ დროს, მთავრობას შეუძლია გაყინოს თქვენი ანგარიში და შეგიზღუდოთ მათზე წვდომა. მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ მხოლოდ ქეშს, მთავრობას შეუძლია გააუქმოს თქვენი ვალუტის იურიდიული სტატუსი, როგორც ეს მოხდა ინდოეთში რამდენიმე წლის წინ.
  • ულიმიტოობა: ნიშნავს იმას, რომ მთავრობას ან ცენტრალურ ბანკს შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული რამდენიც უნდა, და გაზარდოს ფულის მიწოდება ბაზარზე. რაც იწვევს ბაზრის ფულით გაჯერებას და შესაბამისად ინფლაციას.
  • კორუფცია:  ფულზე გავლენის ცენტრალიზებულობა იწვევს კორუფციას. როდესაც ბანკებს აქვთ ფულის, ანუ ღირებულების შექმნის მანდატი, ისინი ძირითადად აკონტროლებენ ღირებულების ნაკადს მსოფლიოში, რაც მათ თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს. მცირე მაგალითი იმისა, თუ როგორი კორუმპირებული შეიძლება იყოს ძალაუფლება, ჩანს wells fargo-ს სკანდალში, სადაც თანამშრომლებმა ფარულად შექმნეს მილიონობით არაავტორიზებული საბანკო და საკრედიტო ბარათის ანგარიშები, რათა გაეზარდათ ბანკის შემოსავლების ნაკადი, ისე, რომ მომხმარებლებმა არ იცოდნენ ამის შესახებ წლების განმავლობაში.

ეს ნაკლოვანებები რეალურ ცხოვრებაში დიდ პრობლემებს იწვევენ. უპასუხისმგებლო მთავრობების მიერ ფულის ბეჭდვას ხშირად გამოუწვევია ჰიპერინფლაცია. ამის დასტურია ყველასთვის კარგად ცნობილი ვენესუელას მაგალითი, სადაც მთავრობამ იმდენი ფული დაბეჭდა და მისი ღირებულება იმდენად დაეცა, რომ ხალხი კი აღარ ითვლის ფულს, არამედ წონის.

მათ შორის განვითარებული ქვეყნებიც არ არის გამონაკლისი. უახლესი მაგალითია, 2020 წელს, fed-ის (ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის) მიერ დაბეჭდილი სამი ტრილიონი დოლარი. მხოლოდ სამ თვეში ფედერალური რეზერვის ბალანსი 4,16$ ტრილიონი დოლარიდან 7.17$ ტრილიონამდე გაიზარდა. ეს არის  დღეს, ამერიკაში, 8.6%-იანი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი, რაც შტატების ბოლო 40 წლის მონაცემებით უმაღლესი მაჩვენებელია. 

ფედერალრი სარეზერვო სისტემის აქტივები

გამოსავალი ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შეიძლება იყოს დეცენტრალიზირებული ციფრული ვალუტა, რომელიც არ იქნება კონტროლირებადი ერთი კონკრეტული ხელისუფლების მიერ და ექნება წინასწარ განსაზღვრული ლიმიტირებული რაოდენობა. მსგავსი ციფრული ვალუტის შექმნას წინ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უდგას, ეს არის ორმაგი ხარჯვის (Double Spending) პრობლემა.

ორმაგი ხარჯვა

რა არის ორმაგი ხარჯვის პრობლემა? როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ დღეს ფული ციფრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე თუ მაქვს ციფრულად ფაილი, რომელიც ერთ დოლარიანს წარმოადგენს – რა შემაჩერებს, იმისგან რომ ამ ფაილის მილიონი კოპი არ დავამზადო და ჩემი 1 დოლარიანი მილიონ დოლარად არ ვაქციო? პასუხია – ბანკი. ანუ ორმაგი ხარჯვის პრობლემის მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა ცენტრალური ორგანო გამოდის, რომელიც ენდობა თავის კომპიუტერს, სადაც ინახება ადამიანების ანგარიშები. შესაძლოა არ გსმენიათ, მაგრამ აქამდე ძალიან ბევრი მცდელობა ყოფილა ამ პრობლემის მოგვარებისა, ცენტრალური ხელისუფლებისთვის კონტროლის მიცემის გარეშე, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ასე გრძელდებოდა 2008 წლამდე. არსებული მონეტარული სისტემის ალტერნატივის შექმნა უშედეგოდ მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა…. 

ბიტკოინის ისტორია და მისი მახასიათებლები

2008 წლის ოქტომბერში ინტერნეტში გამოქვეყნდა დოკუმენტი ანონიმური ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელიც თავს სატოში ნაკამოტოს უწოდებდა. ამ დოკუმენტში აღწერილი იყო დეცენტრალიზებული ვალუტის სისტემის შექმნის გზა, სახელწოდებით Bitcoin, რომელიც წყვეტს ორმაგი ხარჯვის (double spending) პრობლემას ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის საჭიროების გარეშე. Bitcoin არის გამჭვირვალე, დეცენტრალიზირებული ციფრული ვალუტა. 

უკეთ გაგებისთვის მოდით, შევადაროთ Bitcoin ბანკს. ვინაიდან დღეს ფულის უმეტესობა უკვე ციფრულია, ბანკი ძირითადად მართავს ნაშთებისა და ტრანზაქციების საკუთარ ლეჯერს. თუმცა, ბანკის ლეჯერი არ არის გამჭვირვალე და ის ინახება ბანკის მთავარ კომპიუტერზე. თქვენ არ შეგიძლიათ ჩაიხედოთ მასში, რადგან მხოლოდ ბანკს აქვს სრული კონტროლი. Bitcoin კი თავის მხრივ ღიაა, გამჭვირვალეა. გამჭირვალობა გულისხმობს, იმას, რომ ნებისმიერს შეუძლია ნახოს რომელი მისამართიდან რომელ მისამართზე, რა რაოდენობის და ზუსტად რა დროს განხორციელდა ტრანზაქცია.  ერთადერთი, რაც დაფარულია, არის ის თუ ვინ დგას თითოეული ტრანზაქციის უკან. ეს ნიშნავს, რომ Bitcoin ფსევდო-ანონიმურია. 

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ გარკვეულმა ბიტკოინის მისამართმა გაგზავნა 10,000 Bitcoin სხვა ბიტკოინის მისამართზე 2010 წლის მაისში. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ტრანზაქცია არის პირველი შესყიდვა, რომელიც ოდესმე განხორციელდა ბიტკოინით. შესყიდვის საგანს კი წარმოადგენდა 2 პიცა. ბიჭმა, სახელად ლასზლომ, 2010 წელს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობდა, რომ 2 პიცისთვის დათმობდა 10,000 ბიტკოინს. მართლაც, ვიღაცამ 10,000 ბიტკოინის სანაცვლოდ გაუგზავნა მას ორი პიცა და დღეს ამ ორი პიცის ფასი 100 მილიონ დოლარზე მეტია. Funny, but not for Laszlo. looooser.

Bitcoin _ ის დადებითობა ასევე დეცენტრალიზებულობაში მდგომარეობს. არ არსებობს ერთი სერვერი, რომელიც ინახავს არსებული ტრანზაქციების მთელ რიგს, რადგან ყველა კომპიუტერს, რომელიც მონაწილეობს სისტემაში, აქვს წვდომა ტრანზაქციების სრულ რიგზე. ანუ ყველა კომპიუტერში ინახება ტრანზაქციების ასლი. ეს სისტემა ცნობილია ბლოკჩეინის სახელით. ასე რომ, თუ ვინმეს სურს სისტემაში შეღწევა, მოუწევს დაჰაკოს 51%-ზე მეტი კომპიუტერი ერთდროულად, რაც ათასობით მოწოყბილობას უდრის, ამის პრაქტიკული შანსი კი არ არსებობს.

როგორც ფულის უმეტესობა, ბიტკოინიც ასევე ციფრულია. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინს, როგორც ფიზიკურს ვერ შევეხებით. არ არსებობს ფაქტობრივი მონეტები ან კუპიურები, არის მხოლოდ ტრანზაქციების რიგები და ნაშთები. როდესაც თქვენ ფლობთ ბიტკოინს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფლობთ უფლებას, მიიღოთ წვდომა ბიტკოინის მისამართის კონკრეტულ ჩანაწერზე ლეჯერში და გაგზავნოთ თანხები მისგან სხვა მისამართზე. 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ არის Bitcoin ასეთი რევოლუციური? ფულის გაჩენის დღიდან, პირველად, ახლა გვაქვს არსებული სისტემის ალტერნატივა. Bitcoin არის ფულის ფორმა, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა ან ბანკი ვერ აკონტროლებს. რა შეიძლება იყოს ამაზე ამაღელვებელი?

გაიხსენეთ ის დრო, სანამ ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდებოდა, რამდენად ცენტრალიზებული იყო ინფორმაციის ნაკადი. თუ გინდოდათ ინფორმაციას გასცნობოდით, მისი მიღება შეგეძლოთ მხოლოდ რამდენიმე ძირითადი მოთამაშისგან, რამდენიმე გაზეთისგან ან ბიბლიოთეკისგან. დღეს, ინტერნეტის წყალობით, ინფორმაცია დეცენტრალიზებულია და ღილაკზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გამოიყენოთ მასში არსებული ინფორმაცია. (თუმცა ინტერნეტის დეცენტრალიზებულობა რეალურად თეორიაა, რადგან ისეთი დიდი მოთამაშეები როგორებიცაა – google, meta და ა.შ არიან ყველაზე მსხვილი ცენტრალიზებული კომპანიები ინტერნეტში, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს) თუმცა ვინაიდან ინტერენეტი არსობრივად დეცენტრალიზებულია, შეიძლება ითქვას, რომ Bitcoin არის ფულის ინტერნეტი და ის გთავაზობთ ფულის დეცენტრალიზებულ გადაწყვეტას.

ბიტკოინს რამდენიმე უპირატესობა აქვს დღევანდელ სისტემასთან შედარებით. ესენია:

  • ხარჯთეფექტურობა: ბიტკოინის გამოყენება უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული საბანკო გადარიცხვები, რადგან მესამე პირს – ამ შემთხვევაში ბანკს, საკომისიო არ მიაქვს. 
  • ეფექტურობა: სრული ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ ლეჯერში ჩაიწერება ერთხელ და ხელმისაწვდომია ყველა მონაწილისთვის.
  • უსაფრთხოება და დაცულობა: ლეჯერი გამჭირვალეა. ტრანზაქციის ცვლილება შეუძლებელია.
  • სრული კონტროლი თქვენს ფულზე: ბიტკოინის საშუალებით, მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა საკუთარ თანხაზე. არც ერთ ცენტრალურ ორგანოს არ შეუძლია თქვენი ანგარიშის გაყინვა ან ქონების კონფისკაცია. 
  • ბიტკოინი ხსნის ციფრული კომერციის გზას 2,5 მილიარდი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა მიმდინარე საბანკო სისტემაზე.

შეჯამება

როგორც უკვე ვახსენეთ, ღირებულებამ მაშასადამე ფულმა, ამ დრომდე ფორმირების რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად ის იყო ხორბალი, მარილი, ყავის მარცვლები და ა.შ. შემდეგ ისინი კონვერტირდა კუპიურებში, რომლებსაც ამყარებდა ოქრო. ასე შეიქმნა ოქროს სტანდარტი. დროის გასვლასთან ერთად, ოქროს სტანდარტი შეიცვალა და კუპიურების ღირებულება გაამყარა არა ოქრომ, არამედ ხელისუფლების მიმართ გამოცხადებულმა ნდობამ, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ციფრული ფულის შექმნა. 2008 წელს კი ასპარეზზე გამოჩნდა ბიტკოინი. 

ბიტკოინი

Bitcoin მიისწრაფვის გახდეს ის ღირებულება თანამედროვე სამყაროსთვის, რაც ასი წლის წინ ხალხისთვის იყო ხორბალი, ყავის მარცვლები და ოქრო. ის გახლავთ დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რომელიც ჭრის ორმაგი ხარჯვის პრობლემას, აუქმებს შუამავლის საჭიროებას და გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს. ამ მრავალი დადებითი თვისებისდა მიუხედავად, საზოგადოების უმრავლესობის მიერ ბიტკოინის მიმღებლობა დაბალია, რადგან მისი იდეა ჯერ ისევ განვითარების საწყის ეტაპს გადის და გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ სრულად ჩაანაცვლებს ცენტრალიზებულ სისტემებს ან ცენტრალიზებულ სისტემებთან ერთად გახდება საიმედო ალტერნატივა ტრანზაქციებისთვის, თუმცა, ენთუზიასტების მტკიცებით, ბიტკოინი არის მომავლის ფული.

დიდწილად, ეს არის ბიტკოინის ფუნდამენტი, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მაინინგს, ბიტკოინის პროტოკოლს და სხვა დამატებით ინფორმაციებს ვისაუბრებთ ბლოგის მეორე ნაწილში. 

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter